რა ფინანსური ნაბიჯები უნდა გადადგათ დაწინაურების შემდეგ

/
თარიღი: 25/03/2017

თუ თქვენმა დამსაქმებელმა საბოლოოდ დაინახა თქვენ მიერ გაწეული შრომა, დააფასა ის და დაგაწინაურათ სამსახურში, შეგიძლიათ იზეიმოთ. თუმცა ამავდროულად ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაზრდილი შემოსავალი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ხარჯებიც უნდა მაქსიმალურად გაზარდოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენი შემოსავალი მატულობს? უნდა წახვიდეთ და მაშინვე ახალი ავტომობილი იყიდოთ? აღნიშნოთ თქვენი დაწინაურება რომელიმე ძვირადღირებულ კურორტზე დასვენებით ან მეგობრებთან ერთად წვეულება მოაწყოთ? რათქმაუნდა ეს სწორი არ იქნება. უმჯობესი იქნება, თუ უკვე არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას გადავავლებთ თვალს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებთ.

პირველი, რაც დაწინაურების შემდგომ კარგი იქნება რომ გააკეთოთ, არის თქვენი მომავლისათვის სარეზერვო ფონდის შექმნა. თუ თქვენ დაიწყებთ დაგროვებას თუნდაც მცირე თანხით, სამომავლოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯების შემთხვევაში, შეძლებთ მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან პრობლემური სიტუაცია. მას შემდეგ, რაც შექმნით, თუნდაც მცირე სარეზერვო ფონდს, შეგეძლებათ დაიწყოთ თანხის მოგროვება გაცილებით უფრო დიდი მიზნებისათვის. რათქმაუნდა ეს ყველაფერი თქვენი შემოსავლის პროპორციულად უნდა მოხდეს და ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ შეიზღუდოთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ დაზოგოთ თანხა. ყველაფერში ზომიერებაა უმთავრესი.

გახდით უფრო მეტად ორგანიზებული თქვენ ფინანსებთან მიმართებით. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ამ დრომდე თქვენი შემოსავალი სრულებითაც არ იყო მაღალი, თუმცა კარიერულ კიბეზე მაღლა სვლასთან ერთად ის საკმაოდ გაიზარდა. თუ თვლით, რომ არ გაქვთ სათანადო ფინანსური უნარები, რომ დამოუკიდებლად დააორგანიზოთ თქვენი შემოსავალი და გასავალი, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამოუკიდებელი ფინანსური მრჩეველის მომსახურებით.

სანამ ხარჯებს გაზრდით დაფიქრდით, მიუხედავად იმისა, რომ დაწინაურების შედეგად მოიმატა თქვენმა ხელფასმა, რეალურად გაგეზარდათ თუ არა ამის პროპორციულად შემოსავალი. ეს აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, რადგან დაწინაურება, თავისთავად მეტ პასუხისმგებლობასა და გაცილებით მეტ სამუშაო საათებს შეიძლება გულისხმობდეს. ამასთანავე შესაძლოა გქონდეთ უფრო მეტი ხარჯი, რომელიც შესაბამისი ოფიციალური სამოსის შესაძენად გესაჭიროებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ახალი, დამატებით გამოვლენილი ხარჯები, როდესაც თქვენ ფინანსებს გაანაწილებთ.

თუ თქვენ სარგებლობთ რაიმე სახის სესხით, სწორედ რომ დროულია დაიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ თუნდაც დათქმულ ვადაზე ადრე დაფაროთ ის. რათქმაუნდა, თქვენ გაქვთ განსაზღვრული განრიგი კრედიტორისგან, თუმცა დაფიქრდით იმაზე, რომ რაც უფრო სწრაფად დაფარავთ ვალდებულებებს, მით უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ სესხით სარგებლობის საკომისიოს სახით. ეს კი, თავისთავად, დადებითად წაადგება თქვენ ფინანსურ მდგომარეობას.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გირჩიეთ არსებული სესხების დროულად დაფარვა, ამასთანავე კარგი იქნება, თუ თქვენ კრედიტორ ბანკს თხოვთ გაგიზარდოთ საკრედიტო ლიმიტი. ბუნებრივია ასეთი რჩევა გაგაკვირვებთ, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს. საქმე იმაში მდგომრეობს, რომ თანხის გაზრდის პარალელურად, შემცირდება მისი სარგებლობისათვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ როდესმე დადგებით ფაქტის წინაშე, რომ დაგჭირდებათ დამატებითი თანხის გამოყენება თქვენი საკრედიტო ანგარიშიდან ან ბარათიდან, შეგეძლებათ ისარგებლოთ შედარებით დაბალ პროცენტიანი სესხით, ვიდრე მანამდე იყო შესაძლებელი. როგორც წესი, რაც უფრო დიდია სესხად გაცემული თანხა, მით ნაკლებია მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი.

და ბოლოს, აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომ მოულოდნელად გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ამაში იგულისხმება ის ყოველთვიური და ყოველწლიური გადასახადები, რომლებსაც ვიხდით ჩვენი ხელფასიდან და შემოსავლებიდან. ამის გადამოწმების აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წესი, ყველა ქვეყანასი არსბობს ფინანსური რეგულაციები, რომლებიც მოქალაქეებს ავალდებულებს სხვადასხვა ტიპის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადახდას კონკრეტული ანაზღაურების შემთხვევაში. სწორედ ეს უნდა გააკონტროლოთ და დათვალოთ, ხომ არ მიღწევს თქვენი წლიური შემოსავალი იმ ზღვარს, რომლის დროსაც ვალდებული ხართ განახორციელოთ გარკვეული ფინანსური ანგარიშების წარდგენა და შესაბამისი გადასახადების გადახდა. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და მოგიწიოთ სხვადასხვა ტიპის საჯარიმო თანხების გადახდა და პასუხისმგებლობის აღება სახელმწიფო საგადასახადო ორგანიების წინაშე.