რეალურად რამდენს უნდა შეადგენდეს თქვენი ფინანსური დანაზოგი

/
თარიღი: 27/01/2017

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, რომ დანაზოგის გაკეთება, საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი ფინანსური ცხოვრებისათვის. შეიძლება ბევრს გაეცინოს კიდეც ამ მოსაზრებაზე, თუმცა, თუ დავფიქრდებით და გავიაზრებთ, რამდენი პრობლემისა და გამოუვალი მდგომარეობის თავიდან აცილებაა შესაძლებელი თუ მცირედი დანაზოგი მაინც გვექნება, დარწმუნებული ვარ თქვენი განწყობა აუცილებლად შეიცვლება.

წარმოიდგინეთ, რომ ეს იგივეა რაც ცეცხლმაქრი, რომელსაც ადამიანები სახლში ინახავენ, მიუხედავად იმისა, ჭირდებათ თუ არა მათ ეს. თუმცა, თუ როდესმე რეალურად დგება მისი გამოყენების აუცილებლობა, თქვენ ბედნიერი ხართ, რომ მას ამდენ ხანს გულმოდგინედ ინახავდით. ხშირად მცირე ფინანსური დანაზოგი ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დამხმარე ხდება ჩვენთვის.

ბუნებრივია, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თავისუფალი თანხა დასვენებისათვის, თუმცა, როგორც ზოგჯერ ფინანსურ სფეროში მომიშავეები ამბობენ, ჭექა-ქუხილისთვის გადადებული თანხა, ბევრად უფრო სასარგებლოა უამინდობის დაწყებისას.

ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი კითხვა, რომელიც დანაზოგს შეიძლება უკავშირდებოდეს, და რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას აფიქრებს, მის ოდენობას შეეხება. როგორ უნდა განვსაზღვროთ რამდენია ჩვენთვის იდეალური თანხა დანაზოგის გასაკეთებლად, ასე უსასრულოდ ხომ შეულებელია დაგროვება? რის მიხედვით უნდა გავიგოთ რამდენის შეგროვებაა ყველაზე ხელსაყრელი ჩვენთვის? ამის ზუსტ პასუხს ვერავინ გეტყვით, თუმცა არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც დაგვეხმარება მეტნაკლებად განვსაზღვროთ დანაზოგის საშუალო ოდენობა მაინც.

ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, თქვენ უნდა გქონდეთ გადანახული იმდენი თანხა, რამდენიც მიახლოებით მაინც იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეძლოთ ძირითადი სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯების დაფარვა.

თუ გაგიჩნდათ კითხვა, რას გულისხმობს ეს ხარჯები, გაგაცნობთ კრიტიკული ხარჯების მცირე ჩამონათვალს:

  • საცხოვრებელი ხარჯი (ძირითადად მოიაზრება ბინის ქირა);
  • საკვები; ჯანმრთელობა (სამედიცინო დაზღვევის ჩათვლით);
  • კომუნალური გადასახადები;
  • ტრანსპორტის ხარჯი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათები და ა.შ.);
  • პირადი საჭიროებები;
  • კრედიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

როდესაც ასეთი საჭიროებების ინდივიდუალურ ჩამონათვალს გააკეთებთ, შეეცადეთ არ გაითვალისწინოთ ისეთი ხარჯები, რომლების ამოღებაც თავისუფლად არის შესაძლებელი სიიდან. ამაში შეგვიძლია მოვიაზროთ:

  • გართობა;
  • ვახშამი რესტორანში;
  • არც თუ ისე სავალდებულო საყიდლები;
  • დასვენება/შვებულება;
  • დანაზოგი მეორე სახლის შესაძენად, კოლეჯისთვის თანხის გადასახდელად ან სხვა მსგავსი მიზნები, რომელთა გადადებაც არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით. ნუ იფიქრებთ, რომ 3-დან 6 თვემდე ხარჯებისთვის საჭირო თანხის დაზოგვა ლიმიტია. თუ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გადადოთ გაცილებით მეტი თანხა, რათქმაუნდა ეს მხოლოდ თქვენთვისვე იქნება მომავალში სასარგებლო. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს მაქსიმალურად მომწირნედ იცხოვროთ და ყველაფერი სამომავლოდ გადადოთ, ყველაფერში ზომიერებაა მთავარი.

ნურც იმას იფიქრებთ, რომ არ შეგიძლიათ საკმარისი თანხის დაზოგვა. სწრაფად და ერთბაშად შესაძლოა მიზანს ვერ მიაღწიოთ, თუმცა ნუ გაჩერდებით. დაიწყეთ ნელ-ნელა, მცირე მიზნებით და შესაძლებლობის შესაბამისად გაზარდეთ ეს მიზნები. აუცილებელი სულაც არ არის ერთ ან ორ თვეში შეძლოთ სასურველი თანხის დაზოგვა, შესაძლებელია თვეები და წლებიც კი გამოიყენოთ ამისათვის. მთავარია, რომ დაიწყოთ ამაზე ფიქრი და მოქმედება. დაიწყეთ მცირე თანხის გადანახვა ყოველკვირეულად იქნება ეს თუ ყოველი ხელფასზე და ნელ-ნელა შეძლებთ დასახული მიზნის მიღწევას. გაცილებით მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ის არის, რომ დაიწყოთ დაგროვება.

გარდა იმისა, რომ მოკლედ შევეცადეთ გაგვერკვია რა ოდენობის თანხა და როგორ შეგვიძლია შევაგროვოთ, ურიგო არ იქნება თუ აქვე მცირე ინფორმაციას მაინც გავეცნობით შეგროვებული ფულის შენახვის შესახებაც. რათქმაუნდა, საკმაოდ რთულია უბრალოდ დადოთ ნაღდი ფული და გარკვეულ შემთხვევაში ხელი არ წაგიცდეთ და არ დახარჯოთ რაიმეს შესაძენად, და ეს მაშინ, როდესაც ამის გარდაუვალი აუცილებლობა სულაც არ არის. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისგან თავის დასაცავად ყველაზე კარგი გამოსავალი, ბანკში შესაბამისი ანგარიშის გახსნა ან სულაც შემნახველი ანაბრის გაკეთებაა, რომელზეც საშუალება გექნებათ თქვენთვის სასურველ დროს და შესაძლებლობის შესაბამისად შეინახოთ ფული.