როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის დაზოგვა

/
თარიღი: 29/01/2017

ქართულ და არამარტო ქართულ რეალობაში საკმაოდ პოპულარულია ბავშვების მატერიალური წახალისება ძირითადად ფულადი სახით. ბევრი მშობელი თვლის, რომ ამით არაფერი შავდება, თუმცა ხშირად ასეთ ქმედებას უკუშედეგი მოყვება და საკმაოდ ძნელი ხდება შეცდომის გამოსწორება.

მრავალი ფსიქოლოგი აძლევს მშობლებს რჩევას იმის შესახებ, როგორ იქნება უფრო უპრიანი წაახალისონ ბავშვის ქმედება ისე, რომ არ მიიღონ უარყოფითი შედეგები მომავალში.

გასაგებია, რომ ნებისმიერ მშობელს უხარია საკუთარი შვილის წარმატება სკოლაში, ან სულაც მიცემული დავალების ან პირობის შესრულება და მადლიერებისა და დადებითი ემოციის გამოსახატავად ხშირ შემთხვევაში ფულად წახალისებას მიმართავენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მიზეზი სულაც არ ჭირდებათ და მის გარეშეც უსრულებენ ნებისმიერ მატერიალურ მოთხოვნას შვილებს.

უფროსების მხრიდან ასეთი საქციელის პერიოდულობის პროპორციულად იზრდება მოთხოვნაც ბავშვების მხრიდან, რამაც შესაძლოა უკიდურეს ზღვარს მიაღწიოს და შეუძლებელი ან ძალიან რთული გახდეს სიტუაციის კონტროლი. არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს სესხიც აღებაც კი უწევთ შვილების კაპრიზების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, შესაძლებელია ბავშვმა მოითხოვოს ძვირადღირებული ველოსიპედი და თუ ის მას ვერ მიიღებს ისეთი სკანდალის და ნერვული დაძაბულობის ფასად დაუჯინოს მშობელს, რომ ეს უკანასკნელი, თუ საკმარისი თანხა არ აქვს ამ ახირების დასაკმაყოფილებლად, იძულებული გახდეს მოიძიოს დამატებითი ფინანსური რესურსები. ეს კი უმეტესად სწრაფი მოკლევადიანი სესხებია, რომლის მიღებაც უმოკლეს დროში, ყველანაირი დამატებითი საბუთების გარეშეა შესაძლებელი.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთ შემთხვევაში? რა გზა იქნება უფრო სწორი იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს ვასწავლოთ ფულის დაზოგვა? რა მეთოდები და ხერხები შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ არც ბავშვის ფსიქიკა და შედეგიც პოზიტიური და მისაღები აღმოჩნდეს ჩვენთვის?

პირველ რიგში უმჯობესი იქნება, თუ მშობლები მიეჩვევიან არა შვილების ახირებების, არამედ მათი დადებითი ქმედებების შეფასებასა და წახალისებას. აუცილებელია ბავშვმა იცოდეს, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ის ჯილდოს სახით ღებულობს სავალდებულო კი არ არის მშობლის მხრიდან შესასრულებლად, არამედ არის კეთილი ნება, გამოხატული მატერიალური ფორმით იმის გამო, რომ მან კარგად შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები.

იმისათვის კი, რომ ბავშვი ფულის ყაირათიან ხარჯვასა და დაზოგვას მიეჩვიოს, ასევე განსაკუთრებული და ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. თუ მაგალითად თქვენი შვილი ყოველდღიურად მოითხოვს თქვენგან სხვადასხვა ტკბილეულის შეძენას, უმჯობესია თუ თქვენ მას ამ ტკბილეულის გამომუშავებას შეთავაზებთ. თუკი ბავშვი გაითავისებს იმას, რომ მას ჭირდება შრომა, ტკბილეულის მისაღებად ან მის საყიდლად საჭირო ფულისათვის, მისთვის გაცილებთ რთული გახდება თანხის დახარჯვა. ასეთ დროს ბავშვი ხვდება, რომ ნებისმიერ მატერიალურს რისი მიღებაც სურს დამსახურება და გამომუშავება ჭირდება. ამ გზით მოპოვებული თანხის დახარჯვისას კი, უმეტესწილად უკვე სხვანაირად მოქმედებენ ბავშვები. ისინი ცდილობენ სწორად აირჩიონ პრიორიტეტი და დაუფიქრებლად აღარ ხარჯონ მათ ხელთ არსებული რესურსი. ყველა მომდევნო დანახარჯი მათი მხრიდან სულ უფრო საჭირო და აუცილებელ საგნებს უკავშირდება და ასე ეტაპობრივად ის ეჩვევა, როგორც დაზოგვას, ასევე ადეკვატური დანახარჯის გაწევას.

გარდა იმისა, რომ მშობლები მსგავს მეთოდებს გამოიყენებენ, მნიშვნელოვანია მათ სწორად გათვალონ ყველა ნაბიჯი. ის რაც გამართლებული იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვთან ურთიერთობისას, შედეგს ვერ მოგვცემს სკოლის ასაკის შემთხვევაში და პირიქით. ამიტომ, ნებისმიერ საქციელს კარგად დაგეგმვა და აწონ-დაწონვა ჭირდება უფროსების მხრიდან.

თუ თქვენი შვილი სკოლამდელი ასაკის არის, ჯერ კიდევ შეგიძლიათ წაახალისოთ მისი საქციელი. მაგალითად, თუ ის დაგეხმარებათ თავის ოთახში თამაშის შემდგომ დაყრილი სათამაშოებისათვის თავისი ადგილის მიჩენასა და ოთახის დასუფთავებაში. ასეთი ქმედება შეგიძლიათ წაახალისოთ სასურველი ნივთის შეძენით, ტკბილეულით ან თუნდაც ფინანსურად ტკბილეულისათვის სამყოფი თანხით. ამასთანავე კარგი იქნება, თუ ამ თანხის დახარჯვას კი არა, უფრო დიდი მასშტაბის სურვილის ასასრულებლად, შეგროვებას შეთავაზებთ და ამისათვის შეუძენთ ლამაზ ყულაბას. სკოლის ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას საქმე შედარებით მარტივად არის. ასაკი გაცილებიტ მრავალფეროვანი წახალისების საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, სკოლაში მიღებული მაღალი ნიშანი, დადებითი დახასიათება პედაგოგებისგან, თქვენთვის მოცემული სხვადასხვა პირობის პირნათლად შესრულება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ეს საქციელი შეგიძლიათ თამამად წაახალისოთ თქვენთვის მისაღები მატერიალური ფორმით, და შედეგად ბავშვისგან მიიღოთ გაზრდილი მოტივაცია, როგორც დამატებითი პოზიტიური შედეგი.