სწრაფი სესხის ალტერნატივა

/
თარიღი: 22/01/2017

თუ თქვენ მოულოდნელად უმოკლეს დროში გესაჭიროებათ ნაღდი ფული, სანამ ფულის სასესხებლად სწრაფ სესხებს მიმართავთ, დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად ერთადერთი გამოსავალია თქვენთვის.

შესაძლებელია თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად არსებობდეს გაცილებით უფრო ხელსაყრელი და მისაღები ვარიანტი, ვიდრე ზემოთხსენებული სესხია. თუ თქვენ თვლით, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მაშინ მოდით გადავავლოთ თვალი იმ შესაძლებლობებს, რომლებიც განსაკთრებულ, გადაუდებელ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სწრაფი სესხის ალტერნატივა და შესაძლოა ეს ბევრად უფრო მომგებიანი ვარიანტი იყოს თქვენთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანხა რაიმე ნივთის შესაძენად გესაჭიროებათ, სესხთან შედარებით ზოგ შემთხვევაში ბევრად უკეთესი განვადებით სარგებლობაა. ამ ტიპის მომსახურებას საქართველოში საბანკო სექტორთან ერთად, სხვადასხვა ფინანსური დაწესებულებები და თავად სავაჭრო ობიექტებიც თავაზობენ მომხმარებელს.

განვადების უპირატესობად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ნივთის მთლიანი ღირებულების გადასახდელად თანხის მოძიება, შეგიძლიათ ეტაპობრივად დაფაროთ არსებული დავალიანება ისე, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავალიდან შეძლოთ ფულის დაზოგვა. პირველადი შესატანი თანხა კი, როგორც წესი საკმაოდ მცირეა და ნივთის ღირებულების გარკვეულ პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, აღარ დაგჭირდებათ მაღალპროცენტიანი სწრაფი სესხით სარგებლობა, ხოლო რაც შეეხება განვადებით ნივთის შეძენისას მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, ის მნიშვნელოვნად ნაკლებია ნებისმიერი ტიპის სესხთან შედარებით. კიდევ ერთი არანაკლებ მომგებიანი გამოსავალი საკრედიტო ბარათებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ბარათებიდან თანხის განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალია, ის მაინც გაცილებით ნაკლებია სწრაფი სესხების წლიურ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. ამასთანავე, თუ თქვენ დროულად შეავსებთ ბარათიდან გახარჯულ თანხას, დამატებითი სარგებლის გადახდა აღარ მოგიწევთ, და თქვენი ხარჯი მხოლოდ ბანკომატებიდან თანხის განაღდებით შეიძლება შემოიფარგლოს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი პლუსი, თუ თქვენ არ გჭირდებათ ნაღი ფული და უბრალოდ რაიმე ნივთის ან მომსახურების შესაძენად აპირებთ სესხის აღებას, საკრედიტო ბარათით მომსახურებისა და საფასურის გადახდისას თქვენ არანაირი დამატებითი თანხა არ დაგერიცხებათ და შესაძლოა საკმაოდ მომგებიანად შეძლოთ წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი მდგომარეობის მოგვარება. სანამ სწრაფი სესხის აღებას გადაწყვეტთ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, უმჯობესი ხომ არ იქნება დახმარება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თხოვოთ. ზოგჯერ, როდესაც დაუგეგმავად გვესაწიროება დამატებითი ფინანსები, ვცდილობთ ამის შესახებ ნაკლები ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ გარშემო მყოფ ახლობლებსა და მეგობრებს, თითქოს არ გვსურს ისინი ზედმეტად შევაწუხოთ ჩვენი პრობლემებით, არადა ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირიქით, შესაძლოა მათ გაცილებით უფრო ეფექტურად შეძლონ დახმარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ დროს, არის ის, რომ თქვენ საშუალება გეძლევათ ფინანსური დანაკლისი ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მოაგვაროთ განსხვავებით ნებისმიერი ტიპის სესხისგან. ამასთანავე, თუ სწრაფი სესხის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ თანხის ერთი თვის განმავლობაში დაბრუნება, ხოლო ვადის გაგრძელების შემთხვევაში გახანგრძლივების საკომისიოს გადახდა, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის თანხის თხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმდეთ მათ, რომ თანხას შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეტაპობრივად დაუბრუნებთ და ამისათვის თქვენ არ მოგიწევთ არანაირი საპროცენტო განაკვეთის ან გადავადებისთვის დაწესებული საკომისიოს გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელფასო ოვერდრაფტი საკრედიტო პროდუქტებს განეკუთვნება, ის მაინც ბევრად უფრო მომგებიანია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვიდრე სწრაფი სესხი.

თუ თქვენ გაქვთ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც საქართველოში მოქმედ რომელიმე ბანკში გერიცხებათ, ამასთანავე, თქვენი საკრედიტო ისტორიაც პრობლემების გარეშეა, შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს თქვენთვის ოვერდრაფტის ფუნქციის გასააქტიურებლად. ძირითად შემთხვევებში, ოვერდსრაფტისათვის განკუთვნილი თანხა არ აღემატება თქვენი ხელფასის 100 პროცენტს, თუმცა შესაძლოა ის მასზე ნაკლებიც კი იყოს. აღნიშნული ფუნქცია საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ თქვენი ფინანსური პრობლემები ისე, რომ თანხა, თქვენი სურვილის შესაბამისად, ეტაპობრივად ან სრულად დაფაროთ მომდევნო თვეებში და დარიცხული საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ის სწრაფი სესხის შემთხვევაშია. ბუნებრივია კიდევ ბევრი ალტერნატივა შეიძლება გამოინახოს სწრაფი სესხებისთვის, თუმცა ზემოთხსენებული სამი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომია საზოგადოების ფართე მასებისათვის გაუთვალისწინებლად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების მოგვარებისას.