უნდა დააზღვიოთ თუ არა თქვენი ქონება

/
თარიღი: 05/03/2017

უძრავი ქონების დაზღვევის ძირითადი არსი იმაში მდგომრეობს, რომ თქვენ დღეს იხდით გარკვეულ თანხას იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ გაცილებით დიდი ფინანსური დანაკარგი.

ვის ჭირდება დაზღვევა? არის თუ არა ის ყველა უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელისათვის საჭირო? არის ქვეყნები, სადაც კანონმდებლობა ავალდებულებს მფლობელს დააზღვიოს ქონება, თუმცა ეს ზოგ შემთხვევაში კონკრეტულად ბინას ან ავტომობილს შეიძლება შეეხებოდეს და არა მთლიანად ყველაფერს. დაზღვევა გულისხმობს ყველა იმ ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას რაიმე გარეგანი ზემოქმედების შედეგად. სადაზღვევო კომპანიები აუცილებლად განიხილავენ დაზიანებისა და ზარალის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას და იღებენ ასევე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. თითქმის შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, დააფინანსებს თუ არა ზარალს დამზღვევი კომპანია.

არის შემთხვევები, რომლებიც ფაქტობრივად საერთოა ყველა დამზღვევისათვის და რომლის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც ისინი არასოდეს ანაზღაურებენ. მათ შორის არის შემდეგი მიზეზები:

  • წყალდიდობა;
  • მიწისძვრა;
  • საომარი ქმედებები;
  • ქონების ნაწილების ავარიული მდგომარეობა (ეს შეიძლება იყოს: გაცვეთილი სანტექნიკა, დაზიანებული ელექტრო გაყვანილობა, კონდინცირების სისტემა, გათბობისა და გადახურვის სისტემები).

სადაზღვევო პოლისები ისეა გაწერილი, რომ დაზიანების მიზეზი, რომელიც ანაზღაურდება, უნდა იყოს უცაბედი და მოულოდნელი შემთხვევის შედეგად გამოწვეული. უნდა შეიძლებოდეს დადასტურება, რომ მიზეზი არ დამდგარა ნელა და ეტაპობრივად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალთად, თუ თქვენი ჭერი დაზიანდა ნელ-ნელა და არა ქარიშხლის შედეგად, შესაძლოა მისი შეკეთება არ აგინაზღაუროთ სადაზღვევო კომპანიამ.

თუ ზემოთ მიმოვიხილეთ შემთხვევები, რომლებსაც არასოდეს ანაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები, ამჯერად განვიხილოთ ის შემთხვევები, რომლის შედეგად გამოწვეული ზარალიც პირიქით, ყველა შემთხვევაში ანაზღაურდება:

  • ხანძარი;
  • ქარი (იგულისხმება ტორნადო ან ქარიშხალი);
  • სეტყვა;
  • ქურდობა.

გარდა უძრავი ან სხვა ტიპის ქონების დაზღვევისა, ბევრი სადაზღვევო კომპანია თავის კლიენტებს თავაზობს ისეთ მნიშვნელოვან მომსახურებას, როგორიც პასუხისმგებლობის დაზღვევაა. თუ გაინტერესებთ ეს რა არის, გეტყვით, რომ ეს ნიშნავს ისეთი შემთხვევების ზარალის ანაზღაურებას, რომელიც დაუგეგმავად და გაუაზრებლად დადგა თქვენი მიზეზით, თუმცა ამის წინასწარი განზრახვა არ გქონიათ. მაგალთად: თუ ეზოში გქონდათ დანთებული გრილი, რომლიდანაც შემთხვევით თქვენი მეზობლის სახლზე გადავიდა ცეცხლი და დაზიანდა, ზარალი თქვენი ასანაზღაურებელი იქნება. თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია აუცილებლად აანაზღაურებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამატებით სარგებლობთ პასუხისმგებლობის დაზღვევით.

როდესაც დაზღვევით სარგებლობას გადაწყვეტთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ყურადღებით უნდა გაეცნოთ დამზღვევის მიერ შემოთავაზებულ პირობებს. რას ფარავს ან არ ფარავს თქვენი სადაზღვევო პოლისი და რა პირობებით მოხდება ამა თუ იმ შემთხვევის შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურება.

ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება: ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ ერთი შეხედვით დაუჯერებელ განაკვეთებს, თუმცა ეს ნუ გაგაკვირვებთ, ეს ეთგვარი პოლიტიკაა საკმაოდ გაჯერებულ სადაზღვევო ბაზარზე წამყვანი ადგილის შესანარჩუნებლად. თუ კომპანია თქვენთვის უცნობია, ის ჯერ კიდევ ახალია სადაზღვევო ბაზარზე და მისი განაკვეთები საკმაოდ კარგია, ეს თქვენთვის წითელი დროშასავით უნდა იყოს და არ უნდა მიგიზიდოთ მხოლოდ ცარიელმა ციფრებმა შემოთავაზებაში. სანამ გადაწყვეტილებას მიირებთ, აუცილებლად შეამოწმეთ კომპანიის რეპუტაცია, ვინ არიან მისი დამფუძნებელი, აქვს თუ არა გამოცდილება მმართველ გუნდს, აქვს თუ არა წარმომადგენლობა რომელიმე სხვა ქვეყანაში, თუ უბრალოდ ახალი მოთამაშეა ყოველგვარი გამოცდილებისა და ისტორიის გარეშე. გადახედეთ კომპანიის პოლიტიკა და ნახეთ რას მოიცავს და რა არა. თქვენ შეიძლება ძალიან გვიან აღმოაჩინოთ, რომ მხოლოდ გარკვეულ, შეზღუდულ მომსახურებას გთავაზობენ. უმჯობესია ყოველთვის ეძებოთ ხარისხი და არა ფასი. გახსოვთ, “იაფი დაზღვევა შეიძლება დაგიჯდეთ ძალიან ძვირი.” თქვენ ხომ კომპანიას ფაქტობრივად მთელი თქვენი ქონების შესახებ ზრუნვა უნდა ანდოთ. ქონების, რომლის შესაძენადაც თქვენ შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი გაქვთ დახარჯული.

არ დაგავიწყდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნებისმიერი ძვირადღირებული ქონების დაზღვევა, ყველაფერი მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა იმ ხარჯის გაწევა, რომელიც ამისთვის იქნება საჭირო.