რატომ უნდა გქონდეთ საგანგებო ფონდი

/
თარიღი: 08/11/2016

ადამიანები წლების განმავლობაში შრომობენ და ცდილობენ ამის შედეგად შეიქმნან ყველა ის პირობა, რაც მათი კომფორტისთვის იქნება სასურველი და მისაღები. თუმცა, ხშირად გამომუშავებული თანხა, საკმარისი სულაც არ არის, რომ ყველა ძირითადი მოთხოვნა დავიკმაყოფილოთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შევძლოთ ჩვენი საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება და სასურველი გარემოს შექმნა? გარდა იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი საშუალება ჩვენი გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, მრავალი ფინანსური კომპანია გვთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, საუკეთესო საშუალებად მაინც რჩება საკუთარი ე.წ სარეზერვო ფონდის შექმნა.

ბევრი თქვენგანი დამეთანხმება რომ ეს არც თუ ისე მარტივია. ხშირად ანაზღაურება სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თვის განმავლობაში შეძლოთ გარკვეული თანხის გადადება სამომავლოდ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი საშუალებაა სესხის მისაღებად, რომელიც ასევე დაგვეხმარება ზოგიერთი მიზნის განხორციელებაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამ გზით ნაკისრ ვალდებულებას აუცილებლად დაჭირდება დროულად დაბრუნება. შესაბამისად, თქვენ ადრე თუ გვიან მაინც დაგჭირდებათ გარკვეული თანხის მოგროვება. რა გზები არსებობს იმისათვის რომ შევძლოთ თანხის მოგროვება? ეს კითხვა დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაუჩნდება ყველას, ვინც აპირებს დააგროვოს ფინანსური რესურსები სამომავლოდ.

პირველ რიგში გადავავლოთ თვალი ბანკების შემოთავაზებებს. საქართველოში მოქმედი ყველა ბანკი, თავის მომხმარებელს თავაზობს ისეთ პროდუქტს, როგორიც ანაბარია. ეს არის ფულის შენახვის საუკეთესო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე შორეული წარსულის პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ უნდობლობით არის აღჭურვილი ასეთი მომსახურების მიმართ, და ამჯობინებს გამოთავისუფლებული თანხა სახლში შეინახოს, სულ უფრო იზრდება ისეთი კატეგორიის რიცხვი, რომლებიც ბანკებს ნდობას უცხადებენ და იწყებენ თანხის შეგროვებას.

მომხმარებელს საშუალება აქვს რამოდენიმე ტიპის ანაბრით ისარგებლოს. თუ თქვენ არ გაქვთ განსაზღვრული პერიოდი, რა ხანგრძლივობით გსურთ თანხის მოგროვება, შეგიძლიათ ისარგებლოთ მოთხოვნამდე ანაბრით. ამ გზით თქვენ საშუალება გექნებათ თანხა დააგროვოთ მანამდე, სანამ ის დაგჭირდებათ. ხოლო საჭირო პერიოდში უპრობლემოდ შეგეძლებათ თქვენ ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მეტნაკლებად განსაზღვრული გაქვთ როდისთვის შეიძლება დაგჭირდეთ შენახული რესურსები, ვადიანი ანაბარი სწორედ რომ ყველაზე ხელსაყრელია თქვენთვის. გარდა ამისა, ბანკები საშუალებას აძლევენ მომხმარებელს არამხოლოდ პირადი საჭიროების არამედ მაგალითად შვილის მომავალი განათლებისა და უბრალოდ ზოგადი საჭიროებისათვის დააგროვონ თანხა. ასეთი ანაბრები, როგორც წესი ბავშვის სრულწლოვანებამდე იხსნება და მომხმარებელს საშუალება აქვს ის მხოლოდ კონკრეტული თარიღის მიღწევისას გამოიყენოთ.

ანაბრები არამხოლოდ თანხის მოგროვებაში შეიძლება დაგეხმაროთ. ბენკების უმეტესობა მომხმარებელს თავაზობს ისეთ სერვისს, როგორიც ანაბრით უზრუნველყოფილი სესხია. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რას ნუშნავს ეს პროდუქტი, ან როგორ შეიძლება ამით ისარგებლოთ. თუ თქვენ რომელიმე ბანკის მომსახურებით სარგებლობთ, და გახსნილი გაქვთ რაიმე ტიპის ანაბარი, შესაძლებელია თავად ბანკმა შემოთავაზოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი. ეს პროდუქტი საკმაოდ კარგი საშუალებაა მაშინ, როდესაც თქვენ მოულოდნელად დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიების საჭიროების წინაშე აღმოჩნდებით. ასეთ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით. ასეთი ტიპის სესხის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ სესხი იმაზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთით, ვიდრე ეს ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში იქნებოდა.

რაც შეეხება ანაბარზე დაგროვებულ თანხას, თქვენ საკმაოდ ბევრი მიზნისათვის შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. მაგალთად, დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ წახვიდეთ სამოგზაუროდ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თანხა დიდი ხნის მიზნის მისაღწევად, განათლებისათვის. ამასთანავე, დაგროვებული რესურსი შესაძლოა თქვენთვის ისეთ დროს გახდეს გამოსადეგი, როდესაც გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და დაგჭირდებათ დამატებითი რესურსების მოძიება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს დროში სწრაფი სესხის მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი სესხი გულისხმობს დამატებით ხარჯს, რომელსაც სესხით სარგებლობისათვის განკუთვნილი საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს, ყოველთვის უმჯობესია თადარიგის დაჭერა და მაქსიმალურად მონდომება, რომ შექმნათ თქვენი საგანგებო ფონდი გადაუდებელი სიტუაციებისათვის.